ე.წ. პრეზიდენტ ბჟანიას თქმით, USAID-ის აკრძალვა რუსეთთან "სტრატეგიული პარტნიორობის" ვალდებულებაა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას განცხადებით, „რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობა აფხაზეთს გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს.“

ბჟანიამ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის საქმიანობის შეზღუდვასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ „რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების წერტილი კიდევ უფრო მაღალზე უნდა იყოს, რადგან ეს არის აფხაზეთის ხალხის ფუნდამენტური ინტერესი.“


„თუ USAID-ის საქმიანობა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე 2012 წლიდანაა აკრძალული...ამ არც თუ მარტივ პირობებში, როდესაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, ფაქტობრივად მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი ომი, შეგვიძლია ჩვენ, როგორც მოკავშირეებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს, საქმიანობის უფლება მივცეთ რუსეთისადმი არამეგობრულ, მტრულად განწყობილ ორგანიზაციას, აქ აფხაზეთის ტერიტორიაზე?“- განაცხადა ბჟანიამ, რომელმაც დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს ინალ არძინბას მიმართა.


„ასეა საჭირო ინალ, მკვეთრი საუბარი. დიპლომატიური ენა, რასაკვირველია მოსაწონია და მაგრამ ყოველთვის როდი ესმის საზოგადოებას და ჩვეულებრივ ხალხს. თუ ჩვენ მოკავშირეები, სტრატეგიული პარტნიორები ვართ, ეს ჩვენ გარკვეულ ვალდებულებებს გვაკისრებს,“ - განმარტა მან.

გასული წლის ბოლოს, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ USAID-ის პროექტები აკრძალა. USAID-ის მისიის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში ჯონ პენელი კი, ოკუპირებულ აფხაზეთში პერსონა „ნონ გრატად“ გამოცხადდა.